აკრძალვა სკოლებს, ბაღებსა და უნივერსიტეტებს ეხება - ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებში, საცხოვრებელ და სამედიცინო შენობებში აიკრძალა ქიმწმენდის ობიექტების განთავსება.
უწყების ცნობით, ცვლების მიხედვით, განსაზღვრულია აღნიშნული შენობებისგან დაშორების მინიმალური მანძილიც - დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი - მინიმუმ, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისათვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით.
„ქიმწმენდის საწარმო, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.
ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს, ატმოსფერულ ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.
ახალი რეგლამენტი, ძალაში, 2024 წლის სექტემბრიდან შევა“, - აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.