განათლების მინისტრი ქალ მასწავლებლებს 8 მარტს ულოცავს - „ხელს შეგიწყობთ პროფესიულ წინსვლასა და თქვენი ინიციატივების განხორციელებაში“
08-03-2024
განათლების, მეცნიერებისა და ახალგზარდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განათლების სექტორში მოღვაწე ქალებს 8 მარტი მიულოცა.

„ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი – განათლების სექტორში მოღვაწე ქალებს გილოცავთ 8 მარტს!

მინდა, მივმართო მასწავლებლებს, რომელთა უმეტესობა მანდილოსანია. გამორჩეულად გილოცავთ ამ დღეს. თქვენ ემსახურებით ყველაზე მთავარ, საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს - მომავალი თაობების აღზრდას და პირადად მე, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგიქმნათ ღირსეული სამუშაო პირობები, ხელი შეგიწყოთ პროფესიულ წინსვლასა და თქვენი ინიციატივების განხორციელებაში.

საბედნიეროდ, ისტორიულად ჩვენს ქვეყანას არაერთი ძლიერი, ლიდერი ქალბატონი ჰყავდა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში.

განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა, მათი ჩართულობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ ქალბატონებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შევუქმნათ, რაც მეტად შეუწყობს ხელს მათ თვითრეალიზებას, კარიერულ წინსვლასა და ქვეყნის განვითარების საქმეში ქალების როლის გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განათლების მინისტრის მილოცვაში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203