ბათუმის N4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ლალი ჯაფარიძე პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, ეცნობა მსოფლიო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას სასწავლო პროცესში ნერგავს.
ამჯერად, მასწავლებელი ინკლუზიური სწავლების გერმანული მოდელით დაინტერესდა, რომელსაც საგაზაფხულო არდადეგებზე ქვეყანაში ვიზიტისას გაეცნო.
„საგაზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში ინკლუზიური სწავლების პრინციპებით დავინტერესდი. ვესაუბრე რამდენიმე სკოლის მასწავლებელს და შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებს. აღმოჩნდა, რომ გერმანიის უმეტეს ფედერალურ მიწაზე არსებობს ერთიანი სკოლა (Gesamtschule), რომელიც მოიცავს სკოლის სამივე საფეხურს. ხშირად, ამ სკოლაში კლასები ცალკეულ საგნებში (მათემატიკა, ინგლისური და გერმანული) იყოფა მოსწავლეთა ცოდნის დონის მიხედვით.
Gesamtschuleს ყველაზე მაღალი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს ყველანაირი ფორმის სკოლის დასრულების მოწმობას. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელთა მოთხოვნებსაც ჩვეულებრივი სკოლები ვერ აკმაყოფილებს, არსებობს მათი საჭიროებების შესაბამისი „დამხმარე სკოლები“ („Förderschulen“), „დამხმარე ცენტრები“ („Förderzentren“) ან „სკოლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“. ბევრ მიწაზე ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების მოდელი, რომელიც საშუალებას აძლევს სსსმ ბავშვებს, განათლება ჩვეულებრივ სკოლებში მიიღონ. დავრწმუნდი, რომ ინკლუზიური განათლებას საქართველოში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა და ამ კუთხით არავის არ ჩამოვრჩებით, თუმცა გერმანიაში გარემო იმდენად ინკლუზიურია, რომ შშმ პირს ნებისმიერი სერვისით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლია და იმედი მაქვს რომ მალე საქართველოშიც შშმ პირებისთვის ყველგან ნულოვანი ბარიერი იქნება და ისინიც შეძლებენ ადაპტირებულ გარემოში დამოუკიდებელ ცხოვრებას!“,- გვიყვება პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: