„პორტფოლიოს დაცვის ვალდებულების გაუქმებაზე ინფორმაცია არ გვაქვს“ - მასწავლებლის სახლის განმარტება
14-03-2024

მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ საგნებში, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა ტესტირება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე გაიარონ.

ამასთან, მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პროფესიული უნარების გამოცდა პედაგოგებს ჩაბარებულად ჩაეთვლებათ იმ შემთხვევაში, თუ გადალახავენ ბარიერს.

მას შემდეგ რაც etaloni.ge-მ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა სათაურით: მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - დეტალები - მასწავლებლებს შორის გაჩნდა მოლოდინი, რომ წამყვან-მენტორობის მსურველებს აღარ მოუწევდათ პორტფოლიოს დაცვა.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლს მიმართა. გაუქმდა თუ არა პორტფოლიოს დაცვის ვალდებულება წამყვან-მენტორობის მსურველი პედაგოგებისთვის? - აღნიშნულ კითხვაზე უწყებაში გვიპასუხეს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ და როგორც კი დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება, სკოლებს საქმის კურსში ჩააყენებენ.

პორტფოლიოს დაცვის ვალდებულების გაუქმების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს... თუ რაიმე დამატებით გახდება ცნობილი, განთავსდება ჩვენს ვებგვერდზეც და სკოლებშიც გავგზავნით ინფორმაციას“ - განაცხადეს მასწავლებლის სახლში. 

მოგვიანებით, სამინისტრომ განმარტა, რა ცვლილება შევიდა მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების წესში: „ვინაიდან არაქართულენოვან სექტორებზე სწავლა აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენებზე მიმდინარეობს, მიზანშეწონილად ჩაითვალა წინა წლების მსგავსად, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებმა/მასწავლებლობის მსურველებმა საგნის გამოცდა მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ტექნოლოგიებში ჩააბარონ როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე“. თუმცა ამის მიუხედავად, სასკოლო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა მოგვმართა აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203