სწავლა რომ გვიან არასდროს არის, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ლიანა ჩარკვიანია, რომელმაც KIU-ს კიბერუსაფრთხოების სატრენინგო პროგრამის გავლა 66 წლის ასაკში გადაწყვიტა.
ლიანა ჩარკვიანი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორი გახლავთ და როგორც თავად ამბობს, დღევანდელ ციფრულ სამყაროში კიბერრისკების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცოდნის ფლობა. ამიტომაც, გადაწყვიტა KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის გავლა.
„საკმაოდ აქტიური და დატვირთული რეჟიმით მაქვს. 66 წლის ასაკში ვსწავლობ დოქტორანტურაში. ჩემი დისერტაცია მედიაგანათლებას ეხება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ყალბი ინფორმაციის ამოცნობა. ჩავთვალე, რომ კიბერუსაფრთხოების ცოდნა ყალბი ინფორმაციისგან დაცვის პრევენციაა. თან ეს არის სიახლე, რომლის გარეშეც ინფორმაციულ ეპოქაში ჩვენი ცხოვრება სახიფათოა. KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან შევიტყვე და დავრეგისტრირდი. ამ სფეროში ჩემი ცოდნა საგრძნობლად გაიზრდა, რასაც წარმატებით გამოვიყენებ საქმიანობაში. რუსთავის სკოლის უფროსკლასელებისთვის უკვე ჩავატარე ინტერაქტიური ლექცია კიბერუსაფრთხოების თემაზე. პროფორიენტაციის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას გავუწევ კიბერუსაფრთხოების სპეციალობას, რათა ახალგაზრდებმა სამომავლო პროფესიად აირჩიონ ის“, - აღნიშნა ლიანა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, კურსის გავლისას მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო, რაც დაეხმარა საქმიანი და პროფესიული კონტაქტების გაზრდაში.
„დღეს, ციფრულ სამყაროსთან ადაპტაციის პირობებში, ძალიან აქტუალურია ინტერნეტის უსაფრთხოებისა და სარგებლის საკითხების ცოდნა. და რადგან, სწავლა არასდროს არ არის გვიან, ჩავთვალე, რომ KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინკურსის გავლა აღნიშნული საკითხების დეფიციტს შემივსებდა. ასეც მოხდა. გარდა ცოდნის მიღებისა, ტრენინგკურსზე გავიცანი არაერთი ახალგაზრდა, რომელთა გვერდით ვგრძნობდი, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიღებულ ცოდნას ისევ ახალგაზრდებს გავუზიარებ და სხვა დაინტერესებულ პირებსაც ვასწავლი კიბერთაღლითებისგან თავის დაცვას“, - განაცხადა ლიანა ჩარკვიანმა
გადამზადების პერიოდში ქალბატონი ლიანა KIU-ს კამპუსში ცხოვრობდა და, ტრენინგის მონაწილეებთან ერთად, საუნივერსიტეტო ქალაქში იღებდა განათლებას. კურსის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ იმედი აქვს, რომ ცოდნის გაღრმავებას კვლავ გააგრძელებს, სხვა თემატურ კურსებსაც გაივლის და საკუთარ ცოდნას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საგრძნობლად გაიმდიდრებს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, USAID-ის მხარდაჭერით, დაფუძნდა KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი.
პროგრამის ფარგლებში 320-მა მონაწილემ მიიღო და გაიღრმავა ცოდნა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.