უნდა იწერებოდეს თუ არა ატესტატში ნიშნები? - აქტუალურ საკითხზე სკოლის დირექტორები მოსაზრებას გვიზიარებენ
20-03-2024
სასწავლო წელი მალე დასასრულს მიუახლოვდება. სკოლები კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილებენ და სიყვარულთან ერთად, მშობლიური ცოდნის ტაძრიდან ატესტატებსაც გაატანენ, რომლებიც არ შეიცავს ინფორმაციას ნიშნების შესახებ.

მართალია, ნიშნებს, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს საკითხის იურიდიულ-ფაქტობრივი მხარეა და მორალური კუთხით რომ შევაფასოთ - მოსწავლეთა გარკვეული კატეგორიის, ასევე მათი მშობლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყველა სასკოლო ქულა, მედალოსნის სტატუსი... და რაც მთავარია, ისინი ემხრობიან, ეს ქულები ატესტატზე იყოს დატანილი; საზოგადოების ნაწილი კი დოკუმენტში ამ ინფორმაციის განთავსების აუცილებლობას ვერ ხედავს.

უნდა იწერებოდეს თუ არა ატესტატში სასკოლო ნიშნები? - აქტუალურ კითხვას ყველაზე უკეთ ის ადამიანები უპასუხებენ, ვინც წლებია განათლების სისტემაში მოღვაწეობს, ხედავს მოსწავლეების საჭიროებებს და ისიც იცის, რეალურად რა სურთ ბავშვებს. etaloni.ge საჯარო სკოლის ხელმძღვანელებს ესაუბრა:



მანანა ცინცაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი:


ჩემი აზრით, სკოლის ატესტატში ნიშნების შეტანა აუცილებელი არაა. დავუშვათ ბავშვს სკოლის დამთავრების შემდეგ ატესტატის მიტანა დასჭირდა სადმე, აუცილებელი არაა, ყველამ გაიგოს, ვის, რა ქულა ეწერა რომელიმე საგანში. ჩემზე, მაგალითად, ოთხი ცალი 4-იანი, რომელიც 5-იანებთან ერთად მეწერა, ძალიან მოქმედებდა, არ მინდოდა ვინმეს დაენახა. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას, ჩემი აზრით, ოქროს მედალოსნებს, სწავლაში მათ წარმატებებს უნდა ექცეოდეს ყურადღება. რისთვის იწვალა, აბა, ბავშვმა და დაიმსახურა ოქროს მედალი, თუ გამოყენება არ შეუძლია?! მათთვის რომ იყოს გამონაკლისი და 1 ან 2 გამოცდის არჩევა შეეძლოთ, კარგი იქნებოდა.

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მივესალმები, თუ სკოლის ატესტატში ნიშნები შევა. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ სადღაც გამოჩნდება მოსწავლეების შეფასება. მიმაჩნია, რომ ეს სწავლის მოტივაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს. ჩემს დროს, მაგალითად, იწერებოდა ნიშნები, რაც ძალიან კარგი იყო. მოსწავლისა და მისი ყველა ნაცნობისთვის ძალიან სასიხარულო იყო, როცა ატესტატში უმაღლეს შეფასებებს ხედავდნენ. სწავლის ხარისხი თუ მაღალი იქნება სკოლებში და მოსწავლეებიც მასზე დაყრდნობით დამსახურებულ შეფასებას მიიღებენ, მაშინ უმაღლეს სასწავლებელშიც მივესალმები ნიშნებისთვის ყურადღების მიქცევას.

გულნაზ ნინიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სკოლის ატესტატში ნიშნები აუცილებლად უნდა შეიტანონ, რადგან ბავშვები მეტად მოტივირებულები იქნებიან, კარგად ისწავლონ. ეცოდინებათ, რომ მათ ნიშნებს სხვებიც ნახავენ და უფრო მეტ დროს დაუთმობენ თითოეულ საგანს. ჩემს დროს, მაგალითად, ატესტატში ნიშნები იყო შეტანილი. დღესაც ძალიან მიხარია ამ ფურცლის გახსნა. ვფიქრობ, სტიმულია ეს ერთგვარი.

ასმათ ხაბულიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ატესტატში, ადრე, თუ სწორად მახსოვს ქულები შედიოდა, რაც ძალიან კარგი იყო. ნიშნები ზოგადად მოსწავლეთა განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს. მეტი მოტივაცია აქვთ, როცა მაღალ შეფასებებს იღებენ. როცა ბავშვმა იცის, რომ მის ქულას სადღაც ვიღაც ნახავს, ის აუცილებლად მოინდომებს და თავს გამოიჩენს.

იზოლდა გოგოლაძე, ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა:

ვემხრობი სკოლის ატესტატში ნიშნების შეტანას. მოსწავლეს სჭირდება იმის ცოდნა, რომ მის ნიშნებს სხვებიც აქცევენ ყურადღებას. ახალ თაობას პირველობის ამბიცია აქვს. ამიტომ, მოტივაციისთვის ბავშვებს უნდათ, რომ სხვები ხედავდნენ და აღნიშნავდნენ რამდენად წარმატებულები, ნიჭიერები არიან. ყველას ერთნაირი ატესტატი თუ ექნება მაშინ ის გაუფასურდება. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ატესტატში ნიშნები შედიოდა, რაც ძალიან კარგი იყო. უმაღლეს სასწავლებელში ის აბარებდა, ვისაც კარგი ნიშნები ჰქონდა. მოსწავლეს, რომელსაც 3 ეწერა ატესტატში უნივერსიტეტისკენ საერთოდ არ იხედებოდა, ახლა კი ყველა აბარებს, რადგან იციან რომელიმე უნივერისიტეტში მაინც მოეწყობიან. საბოლოო ჯამში, ყურადღება მაინც ცოდნას უნდა ექცეოდეს.

ზურაბ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასურველი იქნება თუ სკოლის ატესტატში ქულებს შეიტანენ, რადგან მგონია, რომ ეს მოსწავლეთა მოტივაციაზეც აისახება. მათ ეცოდინებათ, რომ არსებობს ფურცელი, სადაც მათი ნასწავლია ასახული და განათლებას მეტ ყურადღებას დაუთმობენ. მაგალითად, ჩემს დროს ატესტატში ნიშნები იწერებოდა, რასაც უმაღლესში ჩაბარებისას აქცევდნენ ყურადღებას.

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ამიტომ, თუ იმ დონეზე მივალთ, რომ ნიშნები ზუსტად განსაზღვრავს მოსწავლის სწავლის დონეს, მაშინ კი ბატონო, მივესალმები ატესტატში ქულების შეტანას. ახლანდელი მოცემულობით, ვფიქრობ არაა ამის საჭიროება. ჩემს დროს, მაგალითად, უმაღლეს სასწავლებელში მიღებისას, ნიშნების ჯამური ქულა ემატებოდა მისაღებ გამოცოდებზე მიღებულ ქულებს და ასე ერთვებოდა კონკურსში ბავშვი. მაშინ ნამდვილად ჰქონდა აზრი ამ ყოველივეს.

ინგა ხვიჩია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ატესტატში ნიშნების შეტანა აუცილებელი საერთოდ არაა. როდესაც მოსწავლეები სკოლას ამთავრებენ და მშობლები ხდებიან ცოტა უხერხულია, როცა ნიშნების ნახვას მოსთხოვენ ბავშვები. ადამიანის პიროვნული ღირსებებიდან და თვისებებიდან გამომდინარე უხერხულობის მომენტი იქმნება.

მხოლოდ სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი საკმარისია ყოველგვარი ქულების გარეშე. თუ საჭიროა დანართად შეიძლება მოჰყვეს ნიშნებიც. ჩემს დროს ყველა ქულა იწერებოდა ატესტატში და მას დიდი ყურადღება ექცეოდა. მე, სხვათა შორის, სკოლა ფრიადზე დავამთავრე და უმაღლეს სასწავლებელში, როცა ვაბარებდი მხოლოდ გასაუბრება დამინიშნეს. მოსწავლეებს , რომლებსაც ყველა საგანში 10 ქულა ჰყავთ, უპირატესობა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას ახლაც უნდა ენიჭებოდეთ.

ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

როდესაც ბავშვი უნივერსიტეტში აბარებს, ქულებს არ ექცევა ყურადღება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ დიდად მნიშვნელობა არ აქვს იქნება თუ არა ატესტატში ნიშნები შეტანილი. გამოცდებზე რომ ეს ქულები მათ რაიმეში ეხმარებოდეთ, მაშინ კი აუცილებელი იქნებოდა. ადრე, უნივერსიტეტში მოხვედრისას, სწორედ ამ ქულებს ენიჭებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ხატია ოჩიგავა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის ატესტატში ნიშნების შეტანის აუცილებლობას მე პირადად ვერ ვხედავ. ადრე, მაგალითად შედიოდა ატესტატში ნიშნები, მაგრამ შეფასებაც სხვანაირი იყო. ვფიქრობ, ნიშნები უფრო კომპეტენტურად უნდა იყოს დაწერილი.

ზურაბ მეზვრიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

კარგი იქნება თუ სკოლის ატესტატში ქულები შეტანილი იქნება. ხომ არიან ბავშვები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ კონკრეტული საგნების მიმართ და მათ სწავლობენ უფრო კარგად, ამიტომ, ამ მიმართულებით თუ წავლენ შეიძლება ნიშნებმა გავლენა იქონიონ მათ მომავალზე. ჩემს დროს შედიოდა მასში ნიშნები და ყურადღებაც ექცეოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203