რა მთავარი ფუნქციები აქვს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს?
21-03-2024

საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს მალე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. სწორედ მათ უნდა აირჩიონ სკოლის ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 1200-მდე საჯარო სკოლას არ ჰყავს დირექტორი. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით სამინისტროს არც დირექტორობის მსურველთა ტესტირების შედეგები გამოუქვეყნებია და არც ის განუცხადებია, როდის დაინიშნება გასაუბრებები. თუმცა სკოლის ხელმძღვანელის არჩევის გარდა სამეურვეო საბჭოებს სხვა ფუნქციებიც აქვთ. 

სამეურვეო საბჭოების დამოუკიდებლობაზე, მათ ქმედითუნარიანობაზე ამ ეტაპზე არაფერს დავწერთ, თუმცა გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომლშიც წერია, რომ სამეურეო საბჭოს როლი სკოლის მართვის პროცესში ფორმალური ხასიათისაა...  განათლების, მეცნიერებისა და  ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დეტალურად არის გაწერილი ის მთავარი ფუნქციები, რომლებიც საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს აქვთ რომელსაც „ეტალონი“ უცვლელად გთავაზობთ.


დირექტორის არჩევა:

  • სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს;
  • უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;

სკოლის ბიუჟეტი:

  • სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
  • აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
  • სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.

სკოლის შინაგანაწესი:

  • სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
  • დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი,  მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;
  • უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.  
  • სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
  • ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, შიდა სასკოლო გამოცდები:
  • გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს  მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;
  • უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;

სხვადასხვა:

  • სამეურვეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას;
  • სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
  • უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203