ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, რასაც დირექტორი ელზა მაკარაძე უზრუნველყოფს.
მისი აზრით, კარგი მასწავლებელი აუცილებლად კეთილი, მომთმენი და აკადემიური უნდა იყოს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მან etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მოთმინება, აკადემიურობა და სიკეთე.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსმენის კულტურას. მოსწავლე თუ გრძნობს მას უსმენენ, თავადაც ისმენს პედაგოგის მითითებას და შესაბამისად დისციპლინის პრობლემა არ იქმნება.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყველაზე მეტად ვიყენებ მიმართვის ფორმას „მეგობრებო“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- იგივე გზას გავივლიდი, რაც 2005 წლის პირველ ეროვნულ გამოცდებზე. არანაირი რეპეტიტორი, თავად მოვემზადე მარტო და ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- არამგონია ცუდად, რადგან პრობლემები არასდროს მქონია მოსწავლესთან ურთიერთობაში. მე სულ დიალოგის ფორმას მივმართავ და ყველა მოსწავლეში ჩემს მომავალ კოლეგას და მეგობარს ვხედავ. მათთან საუბრისას და მათ თვალებში სულ სიკეთეს ვხედავ ჩემს მიმართ, ამიტომ მაქვს კარგი მოლოდინები.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ..
- თითეული წარმატებული მოსწავლე, სტუდენტი თუ დასაქმებული, რომელთანაც გაკვეთილი ჩაგიტარებინა ეს უკვე წარმატებაა. ასევე სკოლადამთავრებული მოსწავლე როცა გხვდება „მასწავლებელო როგორ მომენატრა სკოლა და თქვენი გაკვეთილი“ ეს უკვე წარმატების ინდიკატორია.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- უცხო ენები და შესაბამისად, გეოგრაფია, ენების წარმომავლობა და მათი ისტორია.