ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა მოთხოვნას.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და კომპლექსურ დავალებებსაც დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ.
სწორედ ასეთი - კომპლექსური ბუნების მქონე აქტივობა შესთავაზა გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგმა მე-2 კლასის მოსწავლეებს.
სკოლის კედლებში პატარებმა, პედაგოგთან ერთად მოახდინეს „დათუნია დრუნჩას ინსცენირება“, შექმნეს მუსიკის ჰანგებით გაჯერებული სპექტაკლი და ეს დღე ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დაიტოვეს, რომლის გახსენებისას, სკოლის დასრულების შემდეგ, ყოველთვის ღიმილი მოეფინებათ სახეზე.