თბილისის N32 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა, შედეგად კი მოსწავლეთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სკოლაში გამოიძახეს საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, გამოკითხეს დირექტორი და მასწავლებლები... სკოლის ხელმძღვანელმა სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ მოსწავლე ნანობს თავის ქმედებას - არ იცოდა, რა შედეგს გამოიწვევდაო...
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ - თბილისის სკოლაში სასწრაფოსა და საპატრულოს ეკიპაჟები გამოიძახეს
სამართალდამცავები საკითხზე მუშაობენ და გამოძიებაც დაწყებულია 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით; თუმცა ეს ერთეული შემთხვევა არ არის და წიწაკის სპრეის გაშვების ფაქტი მანამდე სხვა სკოლაშიც დაფიქსირდა.
სკოლაში მასწავლებელი და 20-მდე მოსწავლე მოიწამლა - დირექტორის და რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებები
იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვნებს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეხება, საინტერესოა, რა სახის სასჯელს ითვალისწინებს კანონმდებლობა.
etaloni.ge დეტალებში უკეთ გასარკვევად, „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის“ იურისტს, ანა თავხელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მოზარდებს 16 წლიდან ეხებათ, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში 14 წლიდან.
რაც შეეხება წიწაკის სპრეის გაშვების ფაქტს, „იქიდან გამომდინარე, რომ მოზარდი მე-11 კლასშია, მის მიმართ შეიძლება დადგეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
აუცილებელია, მის გამოკითხვას, არა მხოლოდ მშობელი, არამედ ადვოკატიც ესწრებოდეს - რადგან არასრულწლოვანია. ვერ შეეხება პატიმრობა და ჯარიმა, თუმცა მოუწევს ახსნა-განმარტების დაწერა... ბევრი ნიუანსია, საწყის ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია... ვნახოთ საით წავა გამოძიება, შესაძლოა სოციალური სამსახურის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების ჩართვაც გახდეს საჭირო“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.