განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმართულებით თავდაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით 2023 წელს განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს „ჩვენი ჯარი“.
„პროექტის ფარგლებში 300-მდე საჯარო სკოლასა და 15-მდე უმაღლეს დაწესებულებაში 350-მდე პრეზენტაცია ჩატარდა სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად საჯარო სკოლებში საგნის - „სამხედრო საქმე“ სწავლებას ახორციელებს.
ამ ეტაპისთვის სწავლებაში 80-მდე საჯარო სკოლაა ჩართული. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საბოლოო მიზანს წარმოადგენს „სამხედრო საქმე“ გახდეს სავალდებულო საგანი და მისი სწავლება კერძო სკოლებშიც განხორციელდეს.