საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა UEFA EURO 2024-ის საგზური მოიპოვა - „ჩვენებმა“ ბერძენ მოწინააღმდეგეებს ოქროს საწმისის ამბავი სულ ცხვირიდან ადინეს და პენალტების სერიაში დაამარცხეს!
26 მარტს ისტორია დაიწერა! 26 მარტის თამაშს ერთი კონკრეტული გმირი არ ჰყავს, თუმცა ყველა აღიარებს, რომ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სწორედ ის ადამიანია, ვინც ამ მატჩის ბედი გადაწყვიტა, საქართველოს კარში არც ერთი გოლი არ გაუშვა (თამაშის მიმდინარეობისას) და საბოლოო გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
მეორე დღეა საქართველოში ემოციები არ ცხრება - თითოეული მოთამაშით ვამაყობთ, თუმცა მშობლიური სკოლების წარმომადგენლები, მასწავლებლები და დირექტორები ასმაგად ამაყები არიან, ამ ბიჭების ბავშვობამ მათ ხელში რომ გაიარა.
ამაყია გიორგი მამარდაშვილის მშობლიური, თბილისის N115 საჯარო სკოლაც: „ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მამარდაშვილის დამრიგებელი ვიყავი!“, „ნაკრების მხარდამჭერად მამარდამ ჩამომაყალიბა“, „ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები, რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“ - ესაა ფრაზები, რომლებიც დღეს თბილისის N115 საჯარო სკოლის კედლებში ისმის... პედაგოგები და დირექტორი Etaloni.ge-ს ფეხბურთელის ბავშვობასა და მოსწავლეობაზე საუბრობენ.
„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მამარდაშვილის დამრიგებელი ვიყავი. გიორგი იყო მშვიდი, მიზანდასახული და საოცრად ზრდილობიანი მოსწავლე. გაკვეთილებს აცდენდა ხშირად, მაგრამ მიდიოდა სავარჯიშოდ და თავისი მიზნისკენ ისწრაფოდა. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ სპორტსმენი უნდა გამხდარიყო. შემდეგ ქუთაისში გადავიდა, რადგან მისი კარიერისთვის ასე სჯობდა, მერე საერთო საცხოვრებელში გადაიყვანეს, რომ დღე და ღამე ევარჯიშა, ეს იყო ძალიან დიდი შრომის შედეგი... უსაყვარლესი იყო, ძალიან გამხდარი, თურმე რამხელა მიზნები ჰქონდა, რამდენ რამეს მიაღწია.
ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები, რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“ - აღნიშნა ვენერა კახაბრიშვილმა, გიორგი მამარდაშვილის დამრიგებელმა.
იყო სკოლის ხელმძღვანელი, რომლემაც გიორგი მამარდაშვილი აღზარდა, დიდი სიამაყეა, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ემოციებისგან დაცლილი დირექტორი ეკატერინე აბრამიშვილი:
„გუშინდელი დღე ჩემთვის ემოციებით დატვირთული იყო და ეს ემოციები არც დღეს განელებულა... სამსახურში გამოსვლა და სამუშაო რეჟიმში ყოფნა ძალიან მიჭირს, სიხარულს ვერ ვმალავ, რადგან მამარდაშვილმა მართლაც დაწერა ჩვენი ქვეყნისა და სკოლის წარუშლელი ისტორია. დღეს სკოლაში დიდი ოვაციებით, სიმღერით დაიწყო დღე, საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს მოსწავლეებმა და დროშა დიდი სიამაყით ააფრიალეს. არაერთი მოსწავლე გვყავს, უკვე საკმაოდ წარმატებული, ისინი საქართველოს ნაკრებში თამაშობენ და იმედი მაქვს, რომ გიორგის კვალს გაჰყვებიან და ისეთივე წარმატებას მიაღწევენ. გიორგის გულით და სულით ვულოცავ ამ დიდი გამარჯვებას, მადლობა რომ ჩვენი სკოლა ასე აამაყა!“
გიორგის წარმატებაზე დიდი სიამაყით საუბრობს პედაგოგი ნატო ქიტუაშვილიც: „გიორგიმ ძალიან გვასახელა! მართლა კარგი მოსწავლე იყო, თუმცა იმის გამო რომ სპორტით იყო დაკავებული, ჩვენი სკოლა არ დაუსრულებია. სპორტული კარიერისთვის იბრძოდა, ბევრს შრომობდა და შედეგიც სახეზეა, ისტორიული გამარჯვების გმირი გახდა“.
„მიკვირს, როგორ ასწრებდა სწავლის შეთავსებას სპორტულ კარიერასთან“ - კლასის დამრიგებელი ბუდუ ზივზივაძეზე საუბრობს