ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო ბათუმის საქალაქო სასამართლომ და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი, სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.
კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.
ამასთან, ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.
სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კატარღაზე მყოფ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.