გორდის საჯარო სკოლის მოსწავლე-„იებმა“ გაზაფხული მოიყვანეს და დედის დღე ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
29-03-2024
ხონის მუნიციპალიტეტის, გორდის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად ბავშვები სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ, ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში.
სწორედ ამ მიზნით, ცოდნის ტაძარში ეწყობა თემატური ღონისძიებები, რომლებშიც ადგილობრივი მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ და ერთ-ერთი მათგანი გაზაფხულის შემობრძანებას მიეძღვნა.
გორდის საჯარო სკოლის 1-ელი და მე-2 კლასების მოსწავლეები დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებით შეეგებნენ - იისფერ სამოსში გამოწყობილი პატარები თავადაც იებს ჰგავდნენ...
ბავშვებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, ყველა და განსაკუთრებით საკუთარ დედიკოებს მიულოცეს ეს დღე და მასწავლებლებთან ერთად, საოცარი ატმოსფერო შექმნეს მშობლიური სკოლის კედლებში.