რა უნდა გააკეთოს სკოლამ, რომ მოსწავლეს სწავლა არ მოჰბეზრდეს - ამ აქტუალურ კითხვას ერთი პასუხი არ გააჩნია, თუმცა სკოლის ხელმძღვანელები, etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ბავშვებისთვის საინტერესო გაკვეთილების შეთავაზების პარალელურად, მათი ჩართულობა სხვადასხვა პროექტში, წარმატებისა და სიხარულის გაზიარება, წინგადადგმული ნაბიჯია იქითკენ, რომ მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარული იყოს საინტერესოც და სახალისოც.
სხვადასხვა სახის პროექტები, კონკურსები ბავშვებს ასევე ცოდნის წარმოჩენასა და საჭირო უნარების განვითარებაში უწყობს ხელს და საინტერესოა ისიც, სასწავლო წლის განმავლობაში რა სიახლეებს - პროექტებს, აქტივობებსა და კონკურსებს სთავაზობენ მოსწავლეებს?
etaloni-ge-სთან საჯარო სკოლის ლიდერები საუბრობენ:
შალვა ფუტკარაძე, რომან ზოიძის სახელობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში გარემოსდაცვით აქტივობებსა და პროექტებს დიდი მონდომებით ვატარებთ. ახლაც გამწვანების აქციაში ვართ ჩართულნი. სკოლაში, კაბინეტი გავაკეთეთ, სადაც საინტერესო შეხვედრებს, ტრენინგებს ვატარებთ. მოსწავლეები ასუფთავებენ სკოლის შემოგარენს. სასწავლო პროცესი დატვირთულია საინტერესო, შემოქმედებითი და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა 80% ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროექტებში. მათი მონდომებით კარგ შედეგებზე გავდივართ, რაც ძალიან მახარებს.
ნელი ბერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი:
წელს, ოლიმპიადებში არ მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სკოლაში, პროექტებს აქტიურად ვატარებთ. 1-ელ სემესტრში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის თემაზე გვქონდა პროექტები. ვისაუბრეთ ბულინგის ფორმებსა და მახასიათებლებზე. ასევე აღვნიშნეთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში თუ ბულინგის მსხვერპლი იქნებიან ისინი, ან გარშემომყოფები, სად უნდა დარეკონ და ა.შ. ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. ამიტომ, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღვნიშნეთ, ამ თემასთან დაკავშირებით ჩავერთეთ პროექტში. სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, საინტერესოდ ისაუბრა ამ სინდრომის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს. კედლის გაზეთიც გამოუშვეს. ძალიან ბევრი სასწავლო პროექტი გვქონდა, რაც მახარებს.
მოგეხსენებათ, წერაქვი, სადაც ჩვენი სკოლაა, მიხეილ ჯავახიშვილის სოფელია. სწორედ ამასთან დაკავშირებით, სკოლის ისტორიის მასწავლებელმა პროექტი სახელწოდებით - „სადაც მიხეილ ჯავახიშვილს გაუვლია“ განახორციელა. მეზობელ სოფელშია დაკრძალული მწერლის და და დედა, სადაც გვყავდა ბავშვები. მოსწავლეები ასევე მწერლის სახელობის მუზეუმს ესტუმრნენ. მოკლედ, საინტერესო გასვლითი აქტივობა გამოგვივიდა.
დავით ეცადეიშვილი, ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსში მონაწილეობდნენ. დღეს გავიგე, რომ ჩვენი მე-12 კლასის მოსწავლე გავიდა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, გეოგრაფიაში მე-3 ადგილზე. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მოსწავლის მიღწევა, ჩვენი სკოლის წარმატებაცაა.
სკოლაში აქტიურად ტარდება სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით არიან ჩართულნი. ვატარებთ ღონისძიებებს, სადაც წარმოჩენილია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ჩვენთან მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამიტომ, ლიტერატურულ საღამოებს ვაწყობთ. ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია, რაც ძალიან მახარებს.
ავთანდილ ვანაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველ რიგში, სპორტული აქტივობების მიმოხილვით დავიწყებ, რადგან ჩემი სფეროც ესაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სპორტული აქტივობები ხშირად იმართება. ახლაც ბავშვთა ოლიმპიადაში რეგიონის გამარჯვებულები გვყავს. ჩართულნი ვართ მინი ფეხბურთის ოლიმპიადაში, ასევე ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე ვმონაწილეობთ. მიხარია, რომ ბავშვები ძალიან მონდომებულები და მოტივირებულები, ყოჩაღები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, მაინც ბევრ წარმატებას ვაღწევთ. სპორტის ნებისმიერ სახეობაში გვაქვს მიღწევები. ასევე კარგი იქნება თუ სათხილამურო სპორტს მიექცევა ყურადღება. ჩვენთან მოგეხსენებათ 6-7 თვე გრძელდება ზამთარი. ამიტომ, სათხილამურო სპორტის განვითარება მნიშვნელოვანია. ამ მხრივაც, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება მიღწევები.
მადონა უდესიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საჭირო უნარების გამომუშავებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება და კონკურსი იმართება. სკოლაში, ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. ასევე განვახორციელეთ საგაზაფხულო დღესასწაულებისადმი - 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები შემოქმედებით უნარებს ამჟღავნებენ და მოტივაცია უფრო უმაღლდებათ. მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი იგრძნობა, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა. თან აზერბაიჯანულენოვანები არიან და მაქსიმალურად ვცდილობთ ქართულ აქტივობებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ მხრივ ძალიან აქტიური სკოლა გვაქვს. არაფორმალურ განათლებაში ძალიან აქტიურად ვართ ჩართულნი. ახლა დამატებით გვინდა შშმ პირებთან დაკავშირებით გავაკეთოთ აქტივობა და ამ მხრივ გვინდა მოსწავლეებს ცნობიერება ავუმაღლოთ.