„დისციპლინა ნიშნავს პატივისცემაზე დამყარებულ სასწავლო გარემოს“ - წინწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ხიმშიაშვილი
01-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ხიმშიაშვილი პროფესიონალი, შრომისმოყვარე და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ის მათ აზრს ყოველთვის ისმენს და ითვალისწინებს. პედაგოგი მათთვის ასევე რჩევებს არ იშურებს და ყოველთვის წინსვლისკენ მოუწოდებს. ბავშვები მის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობენ.

ნანა ხიმშიაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებლობა უმნიშვნელოვანესი პროფესიაა, ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა, ძალიან სასიამოვნოა მოსწავლეებთან ურთიერთობა. კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისებაა: უნდა იყოს სამართლიანი, უპირობოდ უყვარდეს ბავშვი და იყოს საქმის პროფესიონალი, როგორც თავისი საგნის ასევე სხვადასხვა დისციპლინის, რომ მოსწავლეებს მიაწოდოს მათთვის საჭირო, როგორც ძირითადი დამატებითი ინფორმაცია.


- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს - პატივისცემაზე დამყარებულ სასწავლო გარემოს ცოდნის ხელშემწყობ გარემოებას, სადაც ყველა ერთმანეთს უსმენს, ყველა ერთმანეთს პატივს სცემს, ვსწავლობთ მშვიდ და უსაფრთხო ატმოსფეროში.


- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ გაკვეთილზე...

- არის შენ ეს შეგიძლია, შენ ეს გამოგივა.


- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ მოვწყდებოდი სკოლას, აუცილებლად გამოვიყენებდი იმ შესაძლებლობებს, რასაც გაკვეთილზე იღებს ბავშვი, ძალიან ბევრს ვიშრომებდი იმისთვის რომ მიმეღწია ჩაფიქრებული მიზნისთვის, დღე-ღამის გათენებაც რომ დამჭირვებოდა იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი შრომის გარეშე და თავის შეწუხების გარეშე არაფერია და იმედი მაქვს, რომ სწავლის ძირი მწარე არის და კენწეროში აუცილებლად -გატკბილდება.


- როგორ ფიქრობთ როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მე ვფიქრობ, ჩემი მოსწავლეები დამახასიათებენ როგორც: ემპათიურს, საკუთარი საქმის მცოდნეს, მოსიყვარულეს, მეგობრულს..


- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა: მოსწავლეების კარგ პიროვნებად ჩამოყალიბება, მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრებისეული მიმართულების მიცემა. მიხარია და ამაყი ვარ რომ ჩემი მოსწავლეები არიან მათი საქმის პროფესიონალები და ვფიქრობ, მეც დავემხარე მათ განვითარებაში.


- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ჰუმანიტარული საგნები, ისტორია, მასწავლებლებთან ერთად ზოგადი თემების განხილვა, როგორიცაა სამართლიანობა, პასუხისმგებლიანობა, პროდუქტიულობა და ა.შ. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებდი ინგლისურ ენას, რადგან თავიდანვე ვხვდებოდი მის დანიშნულებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203