ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სპორტული აქტივობების მიმართ ინტერესის გაზრდა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყველამ იცის, რომ სპორტში წარმატების მიღწევა მარტივი ნამდვილად არ არის და თითოეული წინ გადადგმულ ნაბიჯი დიდი შრომის შედეგად მოდის.
სპორტში მიღწეულ წარმატება რომ მხოლოდ ერთი არ რამდენიმე ადამიანის სიხარული არ არის, ეს კიდევ ერთხელ კარგად დავინახეთ, როცა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საბერძნეთთან და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გამარჯვება ერთნაირად უხაროდა დიდსაც და პატარასაც და ეს სიხარული ჯერაც არ გამქრალა. ალბათ არ მოვიტყუებით თუ ვიტყვით, რომ გამარჯვებით ყველაზე ბედნიერები სკოლის მოსწავლეები იყვნენ... კარგად გვახსოვს, თამაშის მეორე დილით სკოლაში მისულებს რა ემოციები ჰქონდათ, როგორ დარბოდნენ სკოლის დერეფნებში საქართველოს დროშებით ხელში, როგორ მღეროდნენ ქვეყნის ჰიმნს და როგორ ჟრიამულობდნენ.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სკოლის დირექტორებისთვის გვეკითხა, თავად თუ უყვართ სპორტი და რა სახეობას მისდევდნენ ბავშვობაში, ასევე ჰყავთ თუ არა წარმატებული სპორტსმენები სკოლაში, ზოგადად რამდენად დიდია მოსწავლეებში სპორტის მიმართ ინტერესი, როგორ უწყობენ ხელს ხელს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა მათთვის:
ეთერ წინწალაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობით ძალიან დაინტერესებულები არიან. რამდენიმე მათგანი ფეხბურთს თამაშობს, შეჯიბრებებში მონაწილეობენ და პირველ ან მეორე თუ არა, მესამე საპრიზო ადგილს მაინც იკავებენ. ასეთივე მდგომარეობაა ჭიდაობასა და მძლეოსნობაში, სკოლაში საერთაშორისო ჯილდოს მქონე მოჭიდავეც გვყავს. ერთი სიტყვით, ჩემი მოსწავლეები სპორტში ძალიან წარმატებულები არიან. ვცდილობ, რომ მათ ხელი შევუწყო. ჩემი მოსწავლეობის პერიოდს რაც შეეხება, ძალიან აქტიური ვიყავი, განსაკუთრებით, სირბილში, ხტომაში და ბაგირზე ცოცვაში. შესაბამისად, სპორტი ჩემთვის ახლო დარგია, ძალიან მიყვარს და მაინტერესებს. ახლანდელი ბავშვებიდან თითქმის ყოველი მეორე სპორტითაა დაინტერესებული.
ლეილა მაილაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვები ძალიან დაინტერესებულები და მოტივირებულები არიან. სპორტი ისეთი გაკვეთილია, რომელიც ყველა მოსწავლეს უყვარს და დიდი ინტერესით ესწრება. მოწესრიგებული სპორტული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, რადგან დარბაზი კარგ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ყველა გაკვეთილი ტარდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდნენ. ჩემი აზრით, სკოლაში სპორტის გაკვეთილები ძალიან მნიშვნელოვანია.
ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლის მოსწავლეები სპორტით ძალიან არიან დაინტერესებულები. მეტიც, ევროპის პრიზიორებიც გვყავს. მათ შორის, შერეულ ორთაბრძოლებში ევროპის პრიზიორი. გარდა ამისა, ჭიდაობაზე ყველა ბიჭი დადის. წარმატებებს ვაღწევთ ფრენბურთშიც, ორჯერ გოგონებმა, ხოლო ორჯერ ბიჭებმა მუნიციპალური შეჯიბრიც მოიგეს. მიმაჩნია, რომ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შემეხება მე, როდესაც მოსწავლე ვიყავი, ვჭიდაობდი. აღსანიშნავია, რომ ყველა სპორტი თანაბრად მიყვარდა. ახლა კი, ყველა მოსწავლეს, რითაც შემიძლია, ხელს ვუწყობ.
თინა ჯიხოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლაში სპორტული ინფრასტრუქტურა არ არის და მხოლოდ სტადიონით ვსარგებლობთ, სპორტული მიღწევები გვაქვს. ახლა გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში დარბაზიც გვექნება. აღსანიშნავია, რომ წლების წინ, გვყავდა მინი ფეხბურთის ქალთა გუნდი, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის სახელობის თასის სამგზის მფლობელი იყო. ჩვენი მოსწავლეები რაგბითა და ჭიდაობითაც არიან დაინტერესებულები. ისინი სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან და მიღწევებიც აქვთ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პირადად მე და მთელი სასკოლო საზოგადოება ძალიან ვგულშემატკივრობდით. მათ ისტორიულ გამარჯვებას მთელ ქვეყანას ვულოცავ. ვფიქრობ, წარმატებები მომავალშიც გვექნება.
ეკატერინე ბოდაველი, ახმეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლა ჩემპიონების აღზრდით გამოირჩევა. გვყავს მოჭიდავეები, რომლებიც საქართველოსა და ევროპის ჩემპიონები არიან. მოსწავლეები ამ სპორტს აქტიურად მისდევენ და შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებს იკავებენ. გარდა ამისა, გვყავს ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს წარმატებით თამაშობენ. ვატარებთ შიდასასკოლო სპორტულ ღონისძიებებს და მუნიციპალურ თუ რეგიონალურ აქტივობებშიც ვერთვებით. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სკოლაში ყველას გაცნობიერებული აქვს. ამიტომ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება სკოლაში დიდი ზეიმით აღნიშნეს.
მანანა ღლიღვაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს მოსწავლეებს სპორტისადმი მართლაც გასაოცარი ინტერესი აქვთ. წელს სპორტული დარბაზი გავარემონტეთ, ძალიან კარგი ინვენტარი შევიძინეთ, მრავალფუნქციური ტრენაჟორები, სარბენი ბილიკიც გვაქვს. სკოლაში ფეხბურთის ჯგუფები გავაკეთეთ, იმის გამო რომ ცოტა მოსწავლე გვყავს, გუნდში მასწავლებლებიც არიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენთან სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ხშირად იმართება. ზოგადად, ისეთი მდებარეობა გვაქვს, რომ ბავშვები წიგნების კითხვითა და სპორტით ერთობიან.