ანდეზიტის საჯარო სკოლაში დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო
29-05-2018
ანდეზიტის საჯარო სკოლაში საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.
სკოლის წარმომადგნელის თქმით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა, რომლებშიც სკოლის ყველა კლასი ჩაერთო.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენის თემა იყო - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და 1918 -1921 წლების მოვლენებსა და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.