„პედაგოგებს არა კვალიფიკაციის და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით ასაქმებენ“ - რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
04-04-2024
სახლახო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს გამოწვევად რჩება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში, დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. გამოწვევაა მასწავლებელთა კვალიფიკაცია.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპირებული გალის რაიონში პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხიც. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეკრძალებათ ქართულად გაკვეთილის ჩატარება, სამსახურში აჰყავთ არა პედაგოგიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული განათლების მქონე კადრების ჩანაცვლება სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდებით. კვლავაც კატეგორიულად იკრძალება საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. ნაცვლად ამისა, ასწავლიან რუსულ ენაზე დაბეჭდილ აფხაზეთის ისტორიას, რუსი ავტორების მიერ შექმნილ რუსეთის ისტორიას. სასკოლო ბიბლიოთეკებში აკრძალულია ქართული ენციკლოპედიებისა თუ კლასგარეშე საკითხავი სხვადასხვა ლიტერატურის შენახვაგამოყენებაც.
სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისა და განვითარების მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, 2023 წელი დადებითად უნდა შეფასდეს. საანგარიშო პერიოდში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 445 მასწავლებელი გადაამზადა.
რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 6 ქართული სკოლა. აქედან, 5 სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ მე-11 კლასში. დანარჩენ შემთხვევაში ქართული ენა ისწავლება, როგორც უცხო ენის საგანი. 2023 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 36 მოსწავლე ირიცხება და 91 პედაგოგია დასაქმებული. 2022 წელს 53 მოსწავლე და 108 პედაგოგი იყო. ყოველივე ეს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებს“ - აღნიშნულია დოკუმენტში.