ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში პედაგოგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. განსაკუთრებით აღმატებულია დამოკიდებულება დაწყებით კლასებში, თუმცა წლებთან ერთად, ბავშვები იზრდებიან და ხვდებიან, რომ მათთვის საყვარელი მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დგანან რიგით ჯარისკაცებად, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
თუმცა იქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე მასწავლებლები, რა აინტერესებდათ მოსწავლეობისას, შეცვლიდნენ თუ არა რამეს, ახლა აბიტურიენტები რომ იყვნენ?
სხვათა შორის, აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს თავად პედაგოგებიც არ გაურბიან და etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გულახდილად საუბრობენ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ კოლეგებისთვის საინტერესო საკითხებზეც.
ამჯერად რუბრიკის სტუმარი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზემო ახალშენის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თალიკო დევაძე გახლავთ.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სკოლა და მისი რეპუტაცია, სწორედ კარგ მასწავლებელზეა დამოკიდებული. ჩემთვის მთავარია მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობა, ვიყო მეგობრული, იუმორის გრძნობის მქონე და ობიექტური...
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- წესებისა და პროცედურების არსებობა განსაზღვრავს მოსწავლის ქცევას, უზრუნველყოფას, საგაკვეთილო პროცესის მშვიდად წარმართვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გიყვარდეს წიგნი... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- იგივე პროფესიას ავირჩევდი, უბრალოდ, უფრო მეტს ვიმუშავებდი საკუთარ თავთან.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ხშირად მინახავს დაფაზე წარწერა - „თალიკო მასწ გვიყვარხართ“... მაგიდაზე წერილები, სადაც უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს გადმოსცემენ.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ვფიქრობ ჩემი ყოველდღიური მოღვაწეობა წარმატებულია, რადგან შევძელი მოსწავლეებისთვის შემეყვარებინა ჩემი საგანი და წიგნის კითხვა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჩემთვის მასწავლებელი „კერპი“ იყო... მას უფრო ღვთიურ მოვლენად ვთვლიდი, რომელიც ოქროს სასახლეში ცხოვრობდა და მხოლოდ წიგნებს კითხულობდა.