ცაგერის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში წიგნის განხილვა მოაწყვეს
04-04-2024
ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურისა და წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომაც, არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, პედაგოგ ირინა თავაძის სადამრიგებლო მე-5 კლასის მოსწავლეები ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში იმყოფებოდნენ. ისინი ბიბლიოთეკას სასწავლო ნაწილთან, ქართულის მასწავლებელ შორენა ხეცურიანთან და კლასის დამრიგებელ ირინა თავაძესთან ერთად ესტუმრნენ. აღნიშნული განყოფილების გამგე ლალი ფანჯარაძეა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, იქ მართლაც შთამბეჭდავი სამახსოვრო საღამო გაიმართა. 

მეხუთეკლასელებმა ბიბლიოთეკარ ქეთევან ფუტკარაძის დახმარებით, ონჯალი რაუფის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოების - „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“ განხილვა მოაწყვეს. ნაწარმოები რეიჰანს, კალაის თავშესაფარში მცხოვრებ პატარასა და მსოფლიოში მიმოფანტულ მილიონობით ლტოლვილ ბავშვს ეძღვნება, რომლებსაც უსაფრთხო და კეთილგანწყობილი საცხოვრებელი გარემო სჭირდებათ.

მოსწავლეებმა მთავარ თემაზე ისაუბრეს და დაასაბუთეს, თუ რომელი გმირი მოეწონათ და რატომ? გარდა ამისა, მათ შემდეგ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს: მეგობრობა, ოჯახი, სკოლა, განსხვავებული უნარები თუ განსხვავებული გარეგნობა, ტოლერანტობა და ემპათია.

ბოლოს კი, ერთხმად აღიარეს, რომ სიკეთე ნამდვილად სწორი არჩევანია.

ბიბლიოთეკაში სკოლასა და მის დირექტორ დავით ცვარიანს მადლობას უხდიან.

„მადლობა ამ პატარებს, შორენა და ირინა მასწავლებლებს ამ შინაარსიანი საღამოსთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ცაგერის საჯარო სკოლა და მისი დირექტორი დავით ცვარიანი ყოველთვის ითავისებენ იმას, რომ სასკოლო საზოგადოებასთან და ოჯახთან ერთად, ბიბლიოთეკა, წიგნი უღალატო კომპასი და გზამკვლევია, მომავალი თაობის სწორად აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში“,- ვკითხულობთ სამადლობელ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203