„ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება და ჯილდო მოსწავლეებისგან მიღებული სიყვარულია“ - თამარა ქობელაშვილი, ბანძის საჯარო სკოლის პედაგოგი
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, პროფესიონალურ დონეზე ჩატარებულ გაკვეთილს“,- ამბობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თამარა ქობელაშვილი, რომელიც მართლაც საკუთარი საქმის პროფესიონალი და მოტივირებული პედაგოგია.
მისთვის მთავარი მიღწევა მისი მოსწავლეების წარმატებაა. თავად როდესაც მოსწავლე იყო, განსაკუთრებით აინტერესებდა, ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარდა თუ არა მასწავლებელს. დღეს კი უკვე პედაგოგი მიხვდა, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ამ და სხვა საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უყვარდეს ბავშვები და გახდეს მათი თანატოლი, ჰქონდეს პასუხისმგებლობა, იყოს პროფესიონალი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- პროფესიონალურ დონეზე ჩატარებულ გაკვეთილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მადლობა სრულყოფილი პასუხისთვის. გთხოვთ ჩემი ნათქვამი კარგად გაიაზრეთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- გავითვალისწინებდი ჩემს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, სხვისი ჩარევის გარეშე ავირჩევდი პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ, ცუდად არა...
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება და ჯილდო მოსწავლეებისგან გამოხატული სიყვარულია.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- დიდების წიგნების კითხვა. გამორჩეულად მიყვარდა მათემატიკა და გარკვეული წარმატებებიც მქონდა ამ კუთხით. განსაკუთრებით მაინტერესებდა ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარდა თუ არა მასწავლებელს. ჩემმა პროფესიამ კარგად დამანახა, რომ მასწავლებელი როგორც შვილებს, ისე ბავშვებსაც ვერ გამოარჩევს.