სსსმ/შშმ მოსწავლეები საქართველოს 1,615 სკოლაში ირიცხებიან, აქედან 12,919 სსსმ/შშმ მოსწავლე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლობს, 456 სსსმ/შშმ მოსწავლე კი რესურსსკოლებში.
როგორც სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, პრობლემად რჩება ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, ძალაში შესვლამდე აშენებული სკოლების ადაპტირება. გამოწვევას წარმოადგენს შშმ ბავშვების მიერ სწავლის შეწყვეტის განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენის გზით დეტალური სტატისტიკის წარმოება და მიდევნება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ზოგიერთ რესურსსკოლაში, შენობის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული ცვლილებების გამო, დაბრკოლებას წარმოადგენს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვა.
„ გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სანიტარიულ-ჰიგიენური პრობლემები. რამდენიმე დაწესებულება არათუ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტებს, არამედ, საფრთხის შემცველია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
გამოწვევას წარმოადგენს როგორც სპეციალისტთა არასაკმარისი რაოდენობა, ისე არსებული პერსონალის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების წარმოება არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. ასევე, საგაკვეთილო პროცესში არ გამოიყენება მრავალფეროვანი მასალები. რესურსოთახებში მუშაობა არ მიმდინარეობს მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად. პრობლემურია ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგიც“, - აღნიშნულია ანგარიშში.