პარლამენტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტით დაზუსტდება, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა; განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს.
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განრიგით“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.