„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, რასაც შემდეგ დავუკავშირე ჩემი მომავალი პროფესია“,- ამბობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ტყავაძე, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ღირსეულად უძღვება.
მისი თაოსნობით, სკოლამ, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს, ამის დასტურია ისიც, რომ დროის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ცხოვრებას ისევ სკოლას მიუძღვნიდა. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელური.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- როდესაც გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები გულისყურით გისმენენ და არ აქვთ ინტერესი სხვა აქტივობებით დაკავდნენ, რაც განაპირობებს ხარისხიან განათლებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ჩემო საყვარლებო“, „იმსჯელეთ“, „დაფიქრდით“.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ სკოლას დავუკავშირებდი ჩემს მომავალს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ალბათ, როგორც მეგობრულ, პოზიტიურ, მუდამ მომღიმარ მასწავლებელს, მაგრამ ზოგჯერ მკაცრ დირექტორს.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების სიყვარული და თბილი დამოკიდებულება, როდესაც სკოლაში შევდივარ და ჩემი პატარები ჟრიამულით გარს შემომეხვევიან.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჰუმანიტარული მეცნიერებები, რასაც შემდეგ დავუკავშირე ჩემი მომავალი პროფესია.