„ჩემი მოსწავლეები არიან კონკურენტუნარიანი და აქტიურები“- გურამ ფუტკარაძე, ტომაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2024

გურამ ფუტკარაძე თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც განვითარება და სიახლეებისკენ სწრაფვა უმნიშვნელოვანესია. გამოირჩევა იუმორის გრძნობით და თვლის, რომ ეს აუცილებელი თვისებაა ყველა კარგი მასწავლებლისა, რადგან განწყობა ყოველთვის ხდება საწადელი მიზნის მიღწევის განმაპირობებელი ფაქტორი.

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გურამ ფუტკარაძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- 1. კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია - კარგი მასწავლებელი არ ამცირებს მოსწავლეებს ფიზიკური დასჯით, დაცინვით, ლანძღვით. გარდა ამისა, კარგ მასწავლებელს შეუძლია ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდეს იმ მოსწავლეებისადმი, რომლებსაც რაღაც მიზეზების გამო მისი საგანი არ უყვართ.

2. კარგი მასწავლებელი საკუთარი ტემპერამენტის თვისებებს საქმის სასარგებლოდ იყენებს.

3. კარგ მასწავლებელს იუმორის გრძნობა აქვს - ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელმა აუცილებლად სასაცილო ისტორიები მოყვეს. ამ შემთხვევაში იუმორის გრძნობა ფართო გაგებით განიხილება. ეს არის კონკრეტული სიტუაციის მართვის უნარი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კლასის მართვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია საკლასო წესებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვაა. წესებისა და პროცედურების არსებობა გულისხმობს მოლოდინებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოსწავლეებისგან სასურველი ქცევის შესრულების ალბათობას განსაზღვრავს. წესი ზოგად მოლოდინს წარმოადგენს, ხოლო პროცედურა აკავშირებს მას კონკრეტულ ქცევასთან. წესებისა და პროცედურების არსებობა მიზანზე ორიენტირებული, მოწესრიგებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში წესები განსაზღვრავენ ჩვენს მოქმედებებს,  ისინი აყალიბებენ მისაღებ თუ მიუღებელ სოციალურ  ნორმებს, რაც განსაზღვრავს ჩვენს ქცევას და კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან. შეიძლება ითქვას, რომ წესების არსებობა ქმნის მოწესრიგებულ, სტრუქტურირებულ გარემოს. როგორც ყოველდღიურ, ასევე, სასწავლო გარემოში, წესების არსებობა მნიშვნელოვანია შეთანხმებული, პროგნოზირებად გარემოს შესაქმნელად, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული ბავშვისთვის. წესებისა და პროცედურების არსებობა შესაძლებლობას გვაძლევს გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ჩარჩო რა მოლოდინები გვაქვს მოსწავლისგან და ასევე, რას ვთავაზობთ ან რა მოთხოვნებს ვუწესებთ მათ.  მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს დავეხმაროთ იმის გააზრებაში რომ პასუხისმგებლობები და მოვალეობები ორმხრივია და არა მხოლოდ სკოლას და სკოლაში მომუშავე პერსონალს, არამედ მათაც აქვთ მათი შესრულების მოვალეობები.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.

ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია. აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტელექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

გრაფიკული სქემების გამოყენება წარმოდგენის არალინგვისტურ ფორმებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა. გრაფიკული სქემა, როგორც წესი, წარმოსახვის ორივე ფორმას გულისხმობს – ლინგვისტურს და არალინგვისტურს. ლინგვისტურია სიტყვები და ფრაზები. არალინგვისტურია სხვადასხვა ტიპის სიმბოლოები და ისრები, რომლებიც სიმბოლოებს შორის ურთიერთობებს გამოხატავენ.

კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. კოგნიტური დიაგრამებით, ანუ გრაფიკული ორგანიზატორებით მუშაობა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეებს ხელთ ეძლევათ ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- განსაკუთრებით ყურადღებას მივაღწევდი და ავირჩევდი პროფესიულ განათლებას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვარ საკმაოდ კრეატიული და ინოვაციური. საკმაოდ დადებითად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი მოსწავლეები არიან კონკურენტუნარიანი და აქტიურები. გარდა ამისა მოსწავლეზე მიდგომა და სწორად გაგება საგაკვეთილო პროცესში ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუ როგორ გაიგო მოსწავლემ ესა თუ ის საგაკვეთილო თემა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- პედაგოგობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203