მასწავლებელთა პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილს იწყება - მინისტრი ვადებსა და პირობებზე
08-04-2024
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილს დაიწყება 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი: „გასულ წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დავაწესეთ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
კონკურსი წინა წელს პირველად ჩატარდა და მასში მასწავლებლების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. წელს უკვე ვემზადებით რიგით მეორე კონკურსისთვის და 22 აპრილიდან ვიწყებთ პირველ ეტაპს – განაცხადების მიღებას.
2024 წლის კონკურსი უფრო მასშტაბური იქნება – ჩაერთვება კიდევ უფრო მეტი პედაგოგი და საბოლოო ღონისძიებამდე საქართველოს ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში გაიმართება სხვადასხვა წინასწარი აქტივობა, რაც უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.
მოვუწოდებთ ყველა პედაგოგს, რომ იაქტიურონ. წელს გვექნება გარკვეული სიახლეები. კერძოდ, კონკურსი იქნება შინაარსობრივად მეტად დატვირთული. ჩვენ, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, ვაგრძელებთ მასწავლებელთა მხარდაჭერას და მათი პროფესიის დაფასების მიზნით არაერთი ნაბიჯის გადადგმას.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული კომისიის მიერ, გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ“.
ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.