„სტატუსიანი მასწავლებლის ვერშერჩევის შემთხვევაში, სკოლებს უფლება მიეცემათ კონკურსით დაასაქმონ მასწავლებლობის მაძიებლები“
13-05-2024

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტის განათლების კომიტეტმა განიხილა; უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, გარკვეული ცვლილებები სკოლაში დასაქმებული პედაგოგების ნაწილს შეეხება.

უფრო კონკრეტულად, იმ მასწავლებლებს, რომლებიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61 „2“ მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე („2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი“ - კანონი ზოგადი განათლების შესახებ) 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, დასაქმებულნი არიან
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ცვლილებით, „ნების გამოხატვის შემთხვევაში, ისინი უფლებამოსილნი იქნებიან დარეგისტრირდნენ მასწავლებლობის მაძიებლად (მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი) მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ კონკურსში“.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იგი სკოლაში დასაქმდება მასწავლებლობის მაძიებლად და საშუალება მიეცემა, 2 წლის განმავლობაში გაიაროს პროფესიული განვითარების აკადემიური და პრაქტიკული კურსი. პრაქტიკულ კურსს მასწავლებლობის მაძიებელი გადის სკოლაში, რასაც სკოლის მხრიდან არ სჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი კი ითვალისწინებს უკვე არსებული თვითრეგულირებადი დისტანციური კურსის გავლას, რაც ასევე არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ფინანსურ ხარჯს“.

რაც შეეხება მიზანს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „წინამდებარე პროცესი საშუალებას იძლევა სკოლებში შეირჩეს მასწავლებლობის მაძიებლობის ღირსეული კანდიდატი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, რაც უზრუნველყოფს ვაკანტური ადგილების დროულად შევსებას კვალიფიციური კადრებით.

ამით თავიდან იქნება არიდებული სკოლებში საკადრო დეფიციტის რისკი, რადგან სკოლას უფლება მიეცემა მასწავლებლის სტატუსის მქონე პირის ვერშერჩევის შემთხვევაში, კონკურსის წესით დაასაქმოს მაძიებელ მასწავლებლად სწორედ ის პირი, რომელიც მანამდე გარდამავალი მუხლით იყო დასაქმებული სკოლაში უსტატუსოდ. აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე გასაცემი ხელფასი სკოლას დამტკიცებული აქვს წლის დასაწყისში. შესაბამისად, ცვლილება დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზებას არ საჭიროებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203