2024 წლის წალენჯიხის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
11-04-2024
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის ღონისძიებას ამჯერად წალენჯიხა მასპინძლობდა. 

წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის ეზოში შეკრებილი მოსწავლეები ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მე-6 და მე-7 კლასელი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 27 სკოლის გუნდი ერთმანეთს 2024 წლის „წალენჯიხის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის ეჯიბრებოდა. 

მოსწავლეებს ცოდნის ზეიმში წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, სკოლის დირექტორები, სასკოლო საზოგადოება და ოჯახები ერთხმად გულშემატკივრობდნენ. გაზაფხულის მზიანი ამინდის დამსახურებით ღონისძიება ღია ცის ქვეშ, მასპინძელი სკოლის ეზოში გაიმართა და წალენჯიხელებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მომავალი თაობის ერუდიციითა და ინტელექტით თითოეული გულშემატკივარი ამაყი ჩანდა. 

შეჯიბრს „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მოსწავლეებს კი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ, რომლის ინიციატივითა და ორგანიზებით დაიგეგმა ღონისძიება წალენჯიხაში. 

 

 

20 კითხვისა და თითოეული გუნდის შიგნით აქტიური მსჯელობის შედეგად გამარჯვებული სამეულიც გამოვლინდა:

წალენჯიხის N2 საჯარო და ჯვარის N1 საჯარო სკოლების გუნდებმა თანაბარი 80-80 ქულა დააგროვეს, თუმცა წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეს უფრო მცირე დროში, 140 წამში მოახერხეს, მაშინ როდესაც ჯვარის N1 საჯარო სკოლის გუნდს ამისთვის 296 წამი დასჭირდა. 

2024 წლის წალენჯიხის „ეტალონი გუნდის“ ტიტული შესაბამისად მოიპოვა წალენჯიხის N2 საჯარო გუნდმა. გუნდის კაპიტანია VII კლასის მოსწავლე მარიამ კონჯარია, ხოლო შემადგენლობაში შედიან მარიამ მებონია VI კლასი, ალიკა სანაია VI კლასი, ლუკა გაბედავა VI კლასი და ბარბარე აბულაძე VI კლასი. 

მეორე ადგილი დაიკავა ჯვარის N1 საჯარო სკოლის გუნდმა VII კლასელი ნიკო ბჟალავას კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში არიან: ანანო ღვინჯილია VII კლასი, ანდრია ქუხილავა VII კლასი, ანდრია ჭანტურია VII კლასი და ლიზი ხასაია VII კლასი. 

მესამე ადგილზე 77 ქულით გავიდა ლიის N1 საჯარო სკოლის გუნდი. გუნდის კაპიტანია VII კლასელი ლიზი სამუშია, ხოლო შემადგენლობაში არიან გიორგი ბერიშვილი VI კლასი, ბაჩო ბერიშვილი VII კლასი, საბა საჯაია VII კლასი და გეგა ზარანდია VI კლასი. 

ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

წალენჯიხაში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203