სადაურობის სახელთა წარმოება -ეთ და -ის სუფიქსების შემცველი გეოგრაფიული სახელებისგან
30-04-2024
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისია აქვეყნებს მართლწერის წესს რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოთ, -ეთ და -ის სუფიქსების შემცველი გეოგრაფიული სახელებისგან სადაურობის სახელების წარმოებისას. 

-ეთ და -ის სუფიქსების შემცველი გეოგრაფიული სახელებისგან სადაურობის სახელთა წარმოებისას მართლწერასთან დაკავშირებით უნდა გატარდეს შემდეგი წესები:

1. -ეთ-ისა და -ის-ის შემცველი გეოგრაფიული სახელებისგან სადაურობის გამომხატველი სიტყვები იწარმოება ამ სუფიქსების შენარჩუნებით: თიანეთი _ თიანეთ-ელ-ი, თიანეთ-ურ-ი; ბოლნისი _ ბოლნის-ელ-ი, ბოლნის-ურ-ი...

2. აღნიშნული წესი არ ვრცელდება:

2.1. საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს კუთხეების აღმნიშვნელ -ეთ-სუფიქსიან რიგ სახელებზე, რომელთაც სადაურობის სახელები ან -ეთ-ის გარეშე ეწარმოებათ, ან შესაბამისი სიტყვები სადაურობის აფიქსების გარეშე გამოხატავენ წარმომავლობას. ასეთებია, მაგალითად:

ჩინეთი _ ჩინ-ელ-ი, ჩინ-ურ-ი; ესპანეთი _ ესპან-ელ-ი, ესპან-ურ-ი; ბულგარეთი _ ბულგარ-ელ-ი, ბულგარ-ულ-ი; რუმინეთი _ რუმინ-ელ-ი, რუმინ-ულ-ი; კახეთი _ კახ-ელ-ი, კახ-ურ-ი; იმერეთი _ იმერ-ელ-ი, იმერ-ულ-ი... რუსეთი _ რუსი, რუს-ულ-ი; ჩეხეთი _ ჩეხი, ჩეხ-ურ-ი; სვანეთი _ სვანი, სვანური...

2.2. საეკლესიო ტიტულატურაში გამოყენებულ ფორმებზე, როგორებიცაა: მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მანგლელი მიტროპოლიტი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი და სხვ.

3. ძირითადი ფორმების გვერდით დასაშვებია -ეთ და -ის აფიქსებჩამოცილებული ფუძეებისგან ნაწარმოები ჯერ კიდევ მოქმედი ფორმები: დუშელი, თიანელი, თიანური, წავკელი,
წავკური, კლარჯელი (კლარჯის პარალელურად), კლარჯული...

4. -ეთ სუფიქსი ჩამოშორდება ფუძეს, თუ სადაურობის აღმნიშვნელი სახელი მიიღება ჰორიზონტის მხარეების გამომხატველი სიტყვებისაგან:

აღმოსავლეთი _ აღმოსავლ-ელ-ი, აღმოსავლ-ურ-ი
დასავლეთი _ დასავლ-ელ-ი, დასავლ-ურ-ი
ჩრდილოეთი _ ჩრდილო-ელ-ი, ჩრდილო-ურ-ი

გამონაკლისია სამხრეთი, რომლისგან ნაწარმოებ სადაურობის სახელებშიც გვექნება პარალელური ფორმები:

სამხრეთი _ სამხრ-ელ-ი // სამხრ-ეთ-ელ-ი, სამხრ-ულ-ი // სამხრ-ეთ-ულ-ი: სამხრეთელი მეზობელი, სამხრეთელი ხალხი... სამხრული დიალექტი, სამხრული მეტყველება... სამხრეთული კერძები, სამხრეთული ტემპერამენტი, სამხრეთული კლიმატი...


იხილეთ აღნიშნული წესების დასაბუთება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203