სკოლების ნაწილში სასმელი წყლის უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას... საჯარო სკოლების უმრავლესობას არ გააჩნია სასმელი წყლის უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მოკვლევის თანახმას, რომელიც პარლამენტის განათლების კომიტეტმა მოამზადა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი სასმელი წყლისთვის სოფელში არსებულ ჭებსა და მთებიდან გამოყვანილ სასმელ წყალს იყენებენ, მათი უსაფრთხოება კი იქიდან დგინდება, რომ წლების განმავლობაში წყლით არავინ მოწამლულა...
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების შესახებ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც გარე პერიმეტრზეა მოწყობილი მოძველებული წყლის სისტემები, რომელიც ზამთარში პერიოდულად იყინება და წყლის დეფიციტს წარმოქმნის, ასეთ დროს სკოლა სამარაგო ავზების წყალს იყენებს, რომელიც სასმელად არ არის რეკომენდებული.
„ზოგიერთი სკოლა, სადაც არ არის ცენტრალიზებული წყალმომარაგება, განიცდის წყლის დეფიციტს, რაც კომპენსირდება ჭების წყლით და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულები არიან მოსწავლეები/მათი მშობლები. ამასთანავე, სკოლის მხრიდან გაცემულია რეკომენდაცია მარკირებული ბოთლებით სახლიდან მოტანილი სასმელი წყლით სარგებლობასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ მაღალმთიან ზონაში მდებარე ზოგიერთ სკოლაში, გარე პერიმეტრზეა მოწყობილი მოძველებული წყლის სისტემები. ზამთარში პერიოდულად ხდება მილებში წყლის გაყინვა. ასეთ შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სარგებლობენ სამარაგო ავზების წყლით, რომელიც სასმელად არ არის რეკომენდებული.
სკოლების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ ისინი სარგებლობენ სოფლის წყალსადენით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. ასევე აღნიშნავენ, რომ სოფელი მარაგდება მთებიდან გამოყვანილი სასმელი წყლით, რომელიც სუფთა და უსაფრთხოა, რასაც ხსნიან იმ ფაქტით, რომ წლების განმავლობაში არ ყოფილა წყლისგან დაინფიცირების შემთხვევა.
მთელ რიგ საჯარო სკოლებს, სასმელი წყლის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, აქვთ სამარაგო რეზერვუარები. ისინი აღნიშნავენ, რომ აწარმოებენ რეზერვუარების რეცხვას, ხოლო რეცხვა-დეზინფექციის დამადასტურებელი დოკუმენტები მითითებული არ აქვთ.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმ სკოლების სასმელი წყლების უვნებლობის საკითხები, რომლებიც სარგებლობენ ჭების წყლებით. ისინი მიუთითებენ, რომ ხარისხი მოწმდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შეიძლება ეს მექანიზმი საკმარისი არ არის ჭის წყლისათვის, რადგან მათი აზრით შეიძლება მარტივად მოხდეს დაბინძურება.
იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სადაც სარგებლობენ ჭის წყლით, არ დგინდება ჭების ინფრასტრუქტურისა და მოვლა-პატრონობის ხარისხი, გამოყენების წესები შეესაბამება თუ არა ნორმატიული აქტით - გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №297/ნ-ით დამტკიცებულ წესებს და ტექნიკური რეგლამენტით „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ დადგენილ წესებს“.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ხშირად არის ზოგადი, ფრაგმენტული, მწირი, არ არის განმარტებული ინფორმაციის მოპოვების წყარო ან არაზუსტია ინფორმაციის გავრცელების და მასზე ხელმისაწვდომობის გზები. აღნიშნული არ იძლევა სრულყოფილ და საფუძვლიან ცოდნას მოზარდთა განვითარებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში სასმელი წყლის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასპექტებით, სასმელი წყლის მიღების წესზე და იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია არა მარტო არასათანადო რაოდენობისა და უხარისხო სასმელი წყლის მიღებასთან დაკავშირებით, არამედ ინფორმაციის ნაკლებ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც.
მოკვლევამ ცხადყო, რომ წარმომადგენლები არ ფლობენ ინფორმაციას და არ ხდება ინფორმაციის ურთიერთგაზიარება,“- აღნიშნულია ანგარიშში.
უნდა ითქვას რომ პარლამენტსი განათლების კომიტეტის რეკომენდაციაა: სკოლებში სასმელი წყლის ხარისხზე განხორციელდეს სისტემური კონტროლი და განისაზღვროს სასმელი წყლის უვნებლობის კონტროლზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება - რეკომენდაციის შესრულების ვადა 2025 წელია; რეკომენდაციის ადრესატებად კი ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლიე მეურნეობისა და განათლების სამინისტროებია დასახელებული.