შუახევის კულტურის ცენტრში წყაროთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პოეტის შოთა დიასამიძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
შოთა დიასამიძე წარმატებულ მასწავლებელთა კატეგორიას მიეკუთვნება.
მას დამსახურებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს არაერთი სიგელი, დიპლომი თუ ჯილდო. იგი იყო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ჭალისა და წყაროთის სკოლის ისტორიის მასწავლებლად, დირექტორის მოადგილედ სასწავლო აღმზრდელობით დარგში.
ის ამჟამად მოქმედი მასწავლებელია და კვლავ წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას წყაროთის საჯარო სკოლაში.
შოთა დიასამიძე შემოქმედი პედაგოგია, მას სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს საკუთარი და ნათარგმნი ლექსები, რომლებიც შეკრიბა და გამოსცა წიგნად.
საიუბილეო საღამოზე მისი წიგნის „სულის მონაწური“ პრეზენტაცია გაიმართა.
მისი ლექსები გააცოცხლეს მისმა მოქმედმა და ყოფილმა მოსწავლეებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა.
ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე მიულოცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედურდ გოგრაჭაძემ, მოწვეულმა სტუმრებმა, წყაროთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და წარმატებები უსურვეს შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობაში. იხილეთ ფოტოები