თბილისის N53 სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულ-ლიტერატურული ხერხებით ქართული ენის განვითარების გზა „გააცოცხლეს“
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, ირმა მალანიას სადამრიგებლო მე-3 კლასის მოსწავლეებმა პერფორმანსი გამართეს. მესამეკლასელებთან ერთად, ღონისძიებაში ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სანდრო ლაშხი და მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი მანჯავიძე-პაპუაშვილი მონაწილეობდნენ.
თითოეული მათგანი აქტივობაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მაყურებლის თვალწინ მხატვრულ-ლიტერატურული ხერხებით „გააცოცხლეს“ ქართული ენის განვითარების გზა, ფარნავაზიდან დაწყებული - იაკობამდე. მათ წაიკითხეს დედაენაზე შექმნილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: