რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ვადები და ინსტრუქცია - იხილეთ განაცხადის ფორმა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება ელექტრონულად 16 აპრილიდან 16 მაისის 18:00 საათამდე.
იმ დარეგისტრირებულ გამოსაცდელებს, რომელთაც 2024 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, მისი დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შემდეგ
ბმულზე.
საფასური სრულად ბრუნდება:
- თუ 2024 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
- თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
- თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.
იხილეთ
განაცხადის ფორმა (განაცხადის შევსებისას იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ (მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი) სავალდებულო არ არის).
გაითვალისწინეთ რომ:
განცხადებას უნდა დაერთოს:
- გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა);
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.