„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“- ბანძის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
16-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის სლოგანიც იყო - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ...“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება უჩვეულო ფორმატით ჩატარდა. გაიმართა ნახატების გამოფენა, მოსწავლეებმა სასცენო ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ქართული ცეკვები შეასრულეს, პერფონანსი გამართეს და პრეზენტაცია - „ქართული მარტო ენაა!?“ჩაატარეს.
ლამაზ ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეები სცენაზე გაცისკროვნებული თვალებითა და ბედნიერი სახეებით გამოდიოდნენ. ისინი კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ და უდიდესი სიყვარულითა და მოწიწებით საუბრობდნენ ქართული დამწერლობის ისტორიაზე.
ბანძის საჯარო სკოლა ყველაფერს აკეთებს ქართული ენის განვითარების ხელშეწყობისა და მისი პოპულარიზაციისთვის - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სკოლის დირექტორმა დონალდ ძაგანიამ და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.