ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში სკოლაში დამოუკიდებლობის სტენდი და ასწლოვანი მატიანე გაიხსნა
30-05-2018
ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ზეიმი საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა 2017-2018 წლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა, ნია ბურჯანაძემ და ერეკლე მიქაძემ მიიღეს.
მოსწავლეებმა, ასევე, ეზო მოხატეს. თემის სახელწოდება გახლდათ - „ჩემი ხატია სამშობლო“.
სკოლაში დამოუკიდებლობის სტენდი და ასწლოვანი მატიანე გაიხსნა, ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ სპექტაკლის სახით წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „შენთვის სანთლად ავენთები, მამულო“ შესანიშნავად შეასრულეს.
ასევე, ჩატარდა კონკურსი „ვინ უკეთ იცის საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას“, სადაც მონაწილეობა მე-9კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
პარალელურად, ჩატარდა კონფერენცია თემაზე „დამოუკიდებლობის 100 წელი“. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით დასრულდა, რომელშიც მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის 150 მოსწავლე აქტიურობისთვის სიგელებით დაჯილდოვდა. იხილეთ ფოტოები