წითელსოფლის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
17-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. მათ ქართული, ხალხური ცეკვები შეასრულეს, საქართველოს ჰიმნი იმღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.