განათლების სამინისტროს 2023 წლის ანგარიშში საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებიც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შეეხო.
უფრო კონკრეტულად, შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო, ასევე პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა;
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელმა 2047-მა დაწესებულება ან/და მომსახურების მიმწოდებელმა ინდივიდუალურმა მეწარმემ განახორციელა თვითშეფასება.
ასევე შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო და ჩამოყალიბდა ექსპერტთა კორპუსი. მომზადდა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი.
შემუშავდა ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების შედეგების ანალიზის მეთოდოლოგია და გადამზადდნენ ანალიტიკოსები.
დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას.
სამინისტროს მიერ შერჩეულ 5 მუნიციპალიტეტში (ონი, დუშეთი, ქედა, დმანისი, მარნეული) შემუშავდა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბავშვების დაუცველი ჯგუფებისთვის სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ავტორიზაციის პროცესების მხარდაჭერის მიზნით, სკოლამდელი განათლების სპეციალისტების, შემდეგში კი ექსპერტების მოსამზადებლად, შემუშავდა 4 ტრენინგ-მოდული შემდეგი მიმართულებით: 1. განათლება; 2. ხარისხი; 3. სანიტარია, კვება, ჰიგიენა; 4. ინფრასტრუქტურა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტები დამატებით გადამზადნენ სამინისტროს მიერ შექმნილი ტრენინგ-მოდულებით , ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფარგლებში შექმნილი და დამტკიცებულია 2 ახალი ტრენინგმოდული ,,ბავშვის განვითარება’’, ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში. მოდიფიცირებული და ხელახლა დამტკიცებულია ტრენინგმოდულები: ,,თამაში’’, სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა, ადრეული განათლების კურიკულუმი ,,თამაში’’, როგორ დავნერგოთ ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში’’.,
ადრეული განათლების კურიკულუმის ,,თამაში’’ დანერგვის მიზნით, ტრენინგმოდულით ,,ადრეული განათლების კურიკულუმი გადამზადებულია 459 საგანმანათლებლო და 165 ადმინისტრაციული პერსონალი; ტრენინგმოდულით ,,ადრეული ინკლუზიური განათლება’’ - 446 პირი, ტრენინგმოდულით Teams გამოყენება - 604 პირი.
დამტკიცებულია აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტრენინგების მონიტორინგის წესი.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული’’ გაიარა 3027 პირმა, მათგან 1895-მა წარმატებით. გადამზადებულია ავტორიზაციის 271 ექსპერტი.
შემუშავებულია აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტისთვის ინკლუზიური განათლების სტრატეგიები.
ჩატარდა კონკურსი ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის’’ მიწოდების მსურველი ორგანიზაციების გამოსავლენად. გამოვლენილია 5 ახალი ორგანიზაცია, წარმატებით მომზადებულია 7 ახალი ტრენერი.