დედაენის დღისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში
18-04-2024
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ რუსუდან ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე მრავალფეროვნი ღონისძიებით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოების წინაშე, ქართული ენის ეშხისა და ლაზათის, მისი ღირსებისა და მნიშვნელობის, აწმყოსა და წარსულის შეგრძნებისა და შეხსენების არაჩვეულებრივი სცენური ვერსია წარადგინეს მოსწავლეებმა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ასაკისა, ბავშვებმა ხატოვნად, ემოციურად მოირგეს ფარნავაზ მეფისა და წმინდა ნინოს როლები.
ღონისძიებაზე გაჟღერდა თემატური სიმღერები, გაიმართა გემოვნებიანად დადგმული საცეკვაო კომპოზიციები, რაზედაც პროფესიონალურად იმუშავეს მუსიკისა და ცეკვის პედაგოგებმა: ქეთევან გუბელაძემ და ნატალია გელაშვილმა.
ღონისძიება დატვირთული იყო სასიამოვნო ემოციებით. მოსწავლეთა წაკითხულმა ტექსტებმა აღაფრთოვანა მსმენელი.
„ჩვენი სკოლა განებივრებულია გემოვნებიანი სასცენო წარმოდგენებით. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ეს ღონისძიება, რომელიც სრულად ამართლებდა სახელწოდებას: „მრავალჟამიერ ენავ ქართულო“. განცდილი ემოციები დიდხანს გაჰყვება მონაწილეებსა და დამაწრე საზოგადოებას“, - ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში.