„რამდენად კარგად ვიცით ქართული ენა“- დერცელის საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე სახალისო ვიქტორინა გაიმართა
19-04-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, დაწყებით საფეხურზე სახალისო ვიქტორინა - „რამდენად კარგად ვიცით ქართული ენა“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს.
საბოლოოდ, წარმატებული კლასი გამოვლინდა და მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.