„სკოლებში მისვლა უსაფრთხოა, სასწავლო პროცესი გრძელდება“ - სამინისტროს პასუხი „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე
22-04-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, „ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ღონისძიებები გატარებულია, ინფორმაცია არ დადასტურებულა, სასწავლო პროცესი კი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

„მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გამოქვეყნდა. საუბარი ეხებოდა 12 სკოლას, სადაც საგამოძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203