„მინდა, ყველა მარტოხელა მშობელი მყარად იდგეს“- მარტოხელა დედამ გურჯაანში სოციალური საწარმო გახსნა
31-05-2018

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს - „ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი – „პურთა პური“ გაიხსნა.

„პურთა პურში“ უსაფუარო, სვიაზე დამზადებული პური ცხვება. 

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა მშობელს - თამარ სიბაშვილს ეკუთვნის და მისი მიზანი მარტოხელა მშობლების დასაქმება და მათი მხარდაჭერაა. 

თამარმა ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის პროექტის - „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ ფარგლებში საწარმოს შექმნასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარა, სადაც საკუთარი იდეა წარადგინა, ფონდის დახმარებით პროექტად აქცია და „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ (KRDF) მხარდაჭერით დაფინანსებაც მიიღო.

თამარის თქმით, დაფინანსების მოპოვება მისთვის სიურპრიზი იყო.                                      

- ადამაინის უფლებების განვითარების ფონდის ბენეფიციარი ვარ, მქონდა ხშირი შეხვედრები და სწავლებები თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ საზოგადოებაში, როგორ დავიცვათ თავი, არსებობს თუ არა რამე კანონი, ჩვენთვის, მარტოხელა მშობლებისთვის. ბოლოს, დეკემბერში როცა პროექტების წერასა და დაფინანსების მიღების საშუალებებს მასწავლიდნენ, პროექტის წერა დავიწყე. თემად ჩემი საყვარელი საქმე ავიღე. არ ვიცოდი  პროექტს თუ რაიმე მიზანი ჰქონდა, გვეგონა დავწერდით და წამოვიდოდით, მაგრამ ფონდის წარმომადგენელმა პროექტი KRDF-ში წარადგინა, ერთი თვის შემდეგ კი დამირეკეს და პროექტის დაფინანსება შემატყობინეს.

- როგორ გაჩნდა საწარმოს შექმნის იდეა? 

- ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე წლების განმავლობაში პურს ვერ ვჭამდი. საფუარი, რაც პურშია ძალიან ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე მათ შორის ჩემზეც, ამიტომ გადავერთე სვიაზე. უკვე მესამე წელია პურს ვაცხობ, თავად უსაფურაო პურით ვიკვებები, ადრე ხაშზე ანუ დამჟავებულ პურზე ვაცხობდი და არ მომწონდა. ერთი წელია უკვე სვიის ხაშზე ვაცხობ. ცხობის რეცეპტს ინეტერნეტში, შუამთის დედათა გვერდზე მივაკვლიე, შევისწავლე და ახალი რეცეპტით ცხობა დავიწყე, თავიდან მხოლოდ მეგობრებს ვაჭმევდი ჩემს გამომცხვარ პურს. 

- რამდენი ადამიანია ამჟამად საცხობში დასაქმებული?

- საცხობში ამჟამად მხოლოდ 2 მარტოხელა დედა მუშაობს, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მარტოხელა მშობლებს, გვერდში ამოვუდგეთ. ადგილობივ მარტოხელა მშობლებს უკვე შევთავაზე და შეგვპირდნენ შემოგიერთდებითო. ჩვენი მიზანია, არა 

მხოლოდ დავასაქმოთ და ფინანსურად გავძლიერდეთ, არამედ სხვა კუთხითაც განვვითარდეთ. გვინდა სწორი კვება ვისწავლოთ და ვასწავლოთ. ასევე დავეხმარებით მათ შვილებს სწავლა-განათლებაში. ამჟამად მარტოხელა დედას ვეხმარებით, რომლის შვილიც ლეიკეემიით არის დაავადებული. მას პურს ყოველ დღე ვუგზავნით. ეს ქალბატონი თავად ვერ მუშაობს. ჯერ ფულადი დახმარების საშუალება არ გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ მას საკვებით დავეხმაროთ. ჩემი საწარმო იმის გამო არ არსებობს რომ მე გავძლიერდე, მე ვიყო მდიდარი, არა, ეს მოგების ადგილი არ არის. საწარმოში ფონდს შევქმნით და მარტოხელა მშობლებს და მათ შვილებს დავეხმარებით. ზოგადად, ნათქვამი გვაქვს, რომ გარკვეული ხანი არაფერს ავიღებთ, მხოლოდ თითო პური მიგვაქვს სახლში.

- სამომავლოდ გაფართოებას თუ გეგმავთ?

- აუცილებლად, ჩვენი მიზანია რამდენიმე თვეში გავძლიერდეთ, რომ ახალ პროექტებშიც ჩაევერთოთ. მარტო პურზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ადამიანები ყოველდღიურად იკვებებიან სხვადასხვა სახის ფუნთუშეულობით, ეს ფუნთუშები მარგარინსა და საფუარზე მზადდება, რაც  ორგანიზმისთვის მავნეა, ამ კუთხითაც გვინდა გვქონდეს არჩევანი.

- თქვენი პირადი ისტორია რომ გვიამბოთ, რამდენი შვილი გყავთ?

- ვაჟი 40 წლის ასაკში შემეძინა, მანამდე  ეროვნული ბანკის გურჯაანის ფილიალში ვმუშაობდი. ორი თვის შემდეგ ბანკის ლიკვიდაცია მოხდა და უმუშევარი დავრჩი, 5 წლის განმავლობაში სამსახური ვერსად ვიპოვე. იყო პერიოდი, როცა ეკლესია გვინახავდა. შემოწირულობებით ვარსებობდით. თუკი რაიმე შემეძლო, რაც მქონდა ყველაფერი ჩემს შვილში ჩავდე. ბავშვი სამწლინახევრიდან წერს, ხატავს, კითხულობს, ამჟამად 10 წლისაა და სამი თუ ოთხი პერსონალური გამოფენა ჰქონდა უკვე, სხვანაირი ხედვა აქვს, იგავ-არაკიც აქვს დაწერილი, წიგნის ჭიას ვეძახი. 

- რას ურჩევდით მარტოხელა მშობლებს?

- მინდა, რომ ყველა მარტოხელა მშობელი იყოს ჯანმრთელად, მყარად იდგეს. ისინი ცდილობენ ჩრდილში იდგნენ, საქმე ვიღაცას ამოფარებულებმა აკეთონ. ვისურვებდი თუ არ აქვთ გამოცდილება და განათლება, სახელმწიფო დაეხმაროს, რაღაცა მცირედი ასწავლოს, რომ ფეხზე მყარად დადგნენ, მიხვდნენ, რომ შეუძლიათ რაღაცა მარტომ წარმართონ და აკეთონ. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ამიტომაც გადავწყვიტე ამ გზით წასვლა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203