ზაკის საჯარო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრებები ეწყობა
31-05-2018
ზაკის საჯარო სკოლაში ქართული ენის კლუბის ორგანიზებით თემაზე - „საქართველო“ გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილე 4 ჯგუფმა 4 დავალება წარმოადგინა:
1. პრეზენტაცია „საქართველო“;
2. კითხვა-პასუხი საქართველოს შესახებ;
3. სიმღერა ამავე თემაზე;
4.სიტყვებით თამაში საქართველოს გეოგრაფიიდან.
ღონისძიება სახელმწიფო ენის უკეთ შესწავლას ემსახურებოდა.
სკოლაში, იმისათვის, რომ კლასგარეშე აქტივობები მოსაწყენი არ იყოს, მას თამაშის სახე მიეცა. ჯგუფები დავალების თემატიკის შესახებ წინასწარ იგებენ და სერიოზულად ემზადებიან. შემდეგ დაძაბული პაექრობა იმართება, შედეგებს კი უფროსკლასელებისაგან შემდგარი ჟიური აფასებს. „შეჯიბრი ყოველ ოთხშაბათს სხვადასხვა თემაზე ეწყობა. თავიდან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ თამაშს ასეთი ინტერესი და ჩართულობა მოჰყვებოდა. მაგალითად, თემაზე -„ჩემი სკოლა“, მოსწავლეებს ხან ერთი მასწავლებელი გაჰყავდათ სამასწავლებლოდან, ხან - მეორე.
მათ სკოლის ისტორიას, აქ მოღვაწე პედაგოგებისა და წარმატებული მოსწავლეების ამბებს ეკითხებოდნენ, ყველაფერს იწერდნენ და შემდეგ კითხვებად აყალიბებდნენ. დირექციას არქივების გადახედვაც კი მოუხდა. გაოცებული დავრჩი მოსწავლეთა მომზადებით.
დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ საქართველოს შესახებ ისწავლეს ბევრი რამ, არამედ პრეზენტაციის, კვლევის, კითხვის დასმისა და პასუხის გაცემის ტექნიკაც გაიუმჯობესეს. სასიამოვნო ფაქტია, რომ ღონისძიებაში სამოქალაქო განათლების პედაგოგი სედრაკ საგათელიანიც ჩაერთო. მან ჟიურის გაუწია თავმჯდომარეობა და მთელ შემადგენლობასთან ერთად ობიექტურობის მაგალითი აჩვენა.“, -განაცხადა ზაკის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ცაულინა მალაზონიამ.