ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე რობი კაპანაძემ 6 წლის ბავშვი გადაარჩინა
31-05-2018
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე რობი კაპანაძემ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრისგან 6 წლის, ამავე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე პაატა ღამბაშიძის სიცოცხლე იხსნა. 

როგორც Etaloni.ge-სთან საუბრისას რობი კაპანაძემ აღნიშნა, მეორე სართულის ერთერთი ბინიდან გამომავალი შავი კვამლი დაინახა, უცებ ქალის ხმაც მოესმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა: 


„შუადღის 12 საათი იქნებოდა, სადარბაზოსთან მე და ჩემი ამხანაგი ვისხედით. მეორე სართულზე შავი კვამლი დავინახე, უცებ ხმაც გავიგე, ქალი დახმარებას ითხოვდა. სასწრაფოდ ავედი მეორე სართულზე, სადაც ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდა. მე უცებ ბავშვი გამოვიყვანე, ძალიან შეშინებული იყო. ბებიის დასახმარებლად უკვე სხვები ამოვიდნენ ბინაში. ახლა ორივე კარგადაა, მეც არანაირი დაზიანება არ მიმიღია. ყველაფერი კარგად დასრულდა.“

ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში კი აღნიშნავენ, რომ რობი კაპანაძე ქალაქის გმირია: 

„რობი კაპანაძემ ალმოდებული მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინიდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა ჩვენივე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე პაატა ღამბაშიძე. ის ჩვენი ქალაქის დღევანდელი გმირია. მადლობა მას, მის მშობლებს და პედაგოგებს ასეთი ღირსეული მოქალაქის აღზრდისთვის,“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ნიკეას ქუჩაზე მდებარე კორპუსში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლო. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ფართი და საყოფაცხოვრებო ნივთები განადგურდა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203