ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება აბულის საჯარო სკოლაში
23-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, IV, V და VII კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლების - მელინ ხოცანიანისა და ჰაიკანუშ იორდანიანის ინიციატივით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყვეს. მასში თითოეული მოსწავლე დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთო.

მოსწავლეებმა თემატური პლაკატები და კედლის გაზეთი მოამზადეს. გარდა ამისა, მეოთხეკლასელებმა ორი ილუსტრირებული წიგნი დაამზადეს, რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს. მათ ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს და სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„14 აპრილი მათთვის დაუვიწყარი დღე იყო“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203