ახალშენის საჯარო სკოლაში პროექტი „მაჩუქე წიგნი“ ხორციელდება
31-05-2018
ახალშენის საჯარო სკოლაში პროექტი „მაჩუქე წიგნი“ მიმდინარეობს. 

პროექტი სკოლაში 2014 წლიდან „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების მაკა გელაშვილისა და დიანა ყიფშიძის ინიციატივით ხორციელდება. 

პროექტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება და მისი პოპულარიზაცია. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მკითხველთა კლუბი, რომლის შეხვედრებზეც მოსწავლეები წარმოადგენენ წაკითხული წიგნების პრეზენტაციებს. 

„პროექტის სახელწოდება გამომდინარეობს იქიდან, რომ მოსწავლეები ერთმანეთს თვითონვე ჩუქნიდნენ წიგნს. პროქტის ამ დეტალის ჩართვით გვინდოდა გვეჩვენებინა მათთვის, რომ წიგნი შეიძლება იყოს ძვირფასი საჩუქარი. მოზარდები საკითხავი მასალის არჩევაში შეზღუდულები არ არიან - მათ შეუძლიათ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვა. არჩევანის უფლება დავუტოვეთ მოსწავლეებს, რათა აგვემაღლებინა მოტივაცია და მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ თავიანთი სურვილისამებრ არჩეული წიგნების წაკითხვას, შემდეგ კი ცოცხალი შთაბეჭდილების მოტანას აუდიტორიის წინაშე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

წიგნების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები პრეზენტაციას ამზადებენ, რომლის შემდეგაც იმართება დისკუსია. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტმა თავის მიზანს უკვე მიაღწია და წიგნები მოსწავლეების ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გახდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203