ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან, ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება.
მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღეს, 9 აპრილის შესახებ ნახეს საინტერესო ფილმი. მათ, ასევე დაამზადეს კედლის გაზეთები.
„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 9 აპრილს დაღუპული გმირები. ჩვენ გვახსოვს 1989 წლის 9 აპრილი“, -აღნიშნეს სკოლაში.
მოსწავლეებმა, ასევე გაიხსენეს 1990 წლის 20 იანვარი - შავი შაბათი.
„შევადარეთ ორი ერის დიდი ტკივილი ერთამენთს. ეს საერთო ტრაგედიაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს იყო 1990 წელს, 19-დან 20 იანვრის ღამით, საბჭოთა არმიის რამდენიმე ჯავშანსატანკო ნაწილი ბაქოში შევიდა, რათა კონტროლი დაემყარებინა ვითარებაზე: ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, ეთნიკური წმენდის ნიადაგზე იფეთქა ძალადობამ. ოფიციალური მონაცემებით, 20 იანვრის მოვლენებისას ბაქოში დაიღუპა 133 ადამიანი და დაიჭრა 611, კიდევ ხუთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 1990 წლის 20 იანვრის თარიღი თანამედროვე აზერბაიჯანის ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიად ითვლება და მას „შავი იანვარი“ ეწოდა.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ბავშვებმა გააკეთეს ჩანახატები 9 აპრილთან დაკავშირებით, გამოთქვეს საკუთარი აზრი.
ღონისძიება ჩატარდა მე-7 კლასის მასწავლებლის - ეკატერინე ორუჯოვას ხელმძღვანელობით.
„9 აპრილი არის ის თარიღი, რომელიც გვაერთიანებდა ჩვენი მთავარი ღირებულებების - თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მადლიერების გარშემო და იმედია, კვლავ გაგვაერთიანებს, რადგან წინ გასავლელი გვაქვს გზა, რომელიც ერთად, უწყვეტ რიგად უნდა გავიაროთ“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: