ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ბუნებისმეტყველების პედაგოგის - ოლღა მზექალაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები - პრეზენტაციები, ნახატები, პოსტერები მოამზადეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა კი ინსცენირება - „ტყის ბინადართა წუხილი“ გამართეს. გარდა ამისა, დედამიწის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მოკლე და საინტერესო ანიმაციები ნახეს. ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და დასკვნები გამოიტანეს.
აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები - „გარემოს დაბინძურების სახეები და შედეგები“ და „მჟავა წვიმები“ მოაწყვეს. ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე, მათ შორის, სსსმ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: