ჩხორიის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების საზეიმო გაცილება მოეწყო
01-06-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელები გააცილეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ელიკო გაბუნია ხელმძღვანელობდა.
ზეიმს მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე თავიანთი სასცენო უნარები წარმოაჩინეს, დადგეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები, მათ შორის ინგლისურ ენაზე (ხელმძღვანელი: ნინო ჯოჯუა ), წაიკითხეს ლექსები, მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელს.
მეოთხე კლასის ღონისძიების მომზადებაში ჩართული იყვნენ მაღალი კლასის მოსწავლეები, ასევე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც წელს პირველად შემოაღებენ სკოლის კარებს.
მოსწავლეებს ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს კლასის ხელმძღვანელმა ელიკო გაბუნიამ, სკოლის დირექტორმა იზო ხვიჩავამ, დირექტორის მოადგილემ მაყვალა ჯგუბურიამ, ასევე რესურსცენტრის უფროსმა კახაბერ ფარცვანიამ.
„ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ ანა ქვარცხავასა და მისი უკრაინელი მეგობრების (სევეროდონეცკის ვლადიმირ დალის სახელობის აღმოსავლურ-უკრაინული ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების) პირდაპირი ჩართვა, რომლებმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს მეოთხე კლასელებს დღევანდელი დღე ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ჩხორიის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, მშობლებს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მათ ხელმძღვანელებს ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.