პირველ მაისს, ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღასარიანმა, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა ოლგა მელიქიძემ.
ღონისძიების დაწყებამდე, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 3-3 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის გუნდმა 85 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ნიკოლოზ ქასრაშვილი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ნუცა ხუციშვილი VI კლასი და ელენე გოგოლაძე VII კლასი.
მეორე ადგილზე ასევე 85 ქულით გავიდა ჩამდურის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნარე პამბუხჩიანის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: არმინე აჯინიანი VI კლასი და თამარა სიმონიანი VI კლასი.
მესამე ადგილი კი მოიპოვა ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის გუნდმა 80 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი რაფიკ მარქარიანი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ნუნე პაპოიანი VII კლასი და სირუნიკ გალოიანი VII კლასი.
აღსანიშნავია რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 85-85 ქულა დააგროვეს, თუმცა ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 111 წამში მოახერხა, ხოლო ჩამდურის გუნდს შედეგისთვის 265 წამი დასჭირდა. ასევე 80-80 ქულა დააგროვეს მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულმა - არაგვის და ბალხოს საჯარო სკოლების გუნდებმა, თუმცა ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის გუნდს ამ შედეგისთვის ყველაზე უფრო მცირე დრო, 223 წამი დასჭირდა.
ასევე იხილეთ:
ახალქალაქში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს